საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში საზოგადოებამ ნახა მეხანძრე-მაშველების და მფრინავების თავდადება, მამაცი ჯარისკაცების ბრძოლა ცეცხლთან, რაც გმირების ისტორიაა.
დეპუტატის თქმით, ზარალი დაითვლება და ტყის ფართობიც აღდგება.
"როდესაც 2016 წლის დეკემბერში პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა, სწორედ ასეთი პრემიერ-მინისტრი, სწორედ ასეთი მინისტრები იდგნენ ჩვენს წინაშე. მათ ნდობა გაამართლეს. ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ მეხანძრე-მაშველების და მფრინავების თავდადება, ვნახეთ მამაცი ჯარისკაცების ბრძოლა ცეცხლთან. ვნახეთ, პოლიციელები როგორ ინარჩუნებდნენ წესრიგს და მედიკოსები როგორ იცავდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ჩვენი ელჩები როგორ ასრულებდნენ მოვალეობას", - განაცხადა თალაკვაძემ.
25 აგვისტოს პრემიერმა განაცხადა, რომ "შეიძლება ითქვას ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია".
ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. შედეგად დამწვარია დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობი. სამაშველო ღონისძიბებში 1500–მდე მეხანძრე იყო ჩართული. მუშაობდა სპეცტექნიკა და სახანძრო ავიაცია. დღეიდან ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩაერთვნენ.