რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. როგორც ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით გაერო-ს მიმართა და ყველა ქვეყანას აღნიშნული თხოვნა, სწორედ გაერო-ს არხებით მიუვიდა.
"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა", - აღნიშნა ალავიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა „არაჯანსაღ ფანტაზიას“ უწოდებს საქართველოში ტყის ხანძრებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ხანძრის ლიკვიდირება, ხოლო მათი არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვისთვისაც ბუნებრივი კატასტროფა თავის ქვეყანაში მორიგი მიზეზია ანტირუსული ინსინუაციებისთვის, ზედმეტად მივიჩნევთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
„ამის მიუხედავად, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნას. ამ მიზნით, გამოიყო თვითმფრინავი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ, ქართულმა მხარემ, მადლობა გადაიხადა და შეგვატყობინა, რომ კერები ლოკალიზებულია და ჩვენი დახმარების აუცილებლობა არ იყო“, - განაცხადა ზახაროვამ.