ეს არის მათი მხრიდან მარცხის აღიარება, რომელიც კარგ შედეგებს არ მოიტანს

ეს არის მათი მხრიდან მარცხის აღიარება, რომელიც კარგ შედეგებს არ მოიტანს

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე დიალოგის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას „ხელისუფლების მარცხს“ უწოდებს. 

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ხელისუფლება ცდილობდა ვენეციის კომისიაში შეხვედრის წინ შეექმნა ილუზია მოლაპარაკებების და კომპრომისების, თუმცა მოხდა პირიქით.

„ოპოზიციამ იმოქმედა აბსოლუტურად გონივრულად. აჩვენა მთელ ქვეყანას, რომ ამ საკითხებზე ოპოზიცია არის ერთსულოვანი და ხელისუფლებამ ვერ შეძლო განხეთქილების შეტანა. მათი აზრით ზოგიერთი პარტიებისთვის მომხიბვლელი წინადადებები გაახმაურეს და ეგონათ, რომ ამ ანკესზე წამოეგებოდა ოპოზიცია. შეხვედრაზე, რომელზეც ხელისუფლება ფიქრობდა, რომ შეძლებდა ოპოზიციის განხეთქილებას, პირიქით, დაინახეს, რომ ოპოზიცია დღეს, როგორც არასდროს ერთსულოვანია და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ხელისუფლებას უნდოდა ვენეციის კომისიაში შეხვედრის წინ შეექმნა ილუზია მოლაპარაკებების და კომპრომისების, თუმცა მოხდა პირიქით. ეს რეალურად არის მათი მხრიდან მარცხის აღიარება, რომელიც არ მოიტანს კარგ შედეგებს”, - განაცხადა გოცირიძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებას და ამის წინააღმდეგ, მათ შორის შესაძლებელია სამოქალაქო პროტესტიც იყოს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან. 

”არსებობს უამრავი გზა შედეგების მიღწევის. ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო მიზნებზე მორგებული კონსტიტუცია. გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციით და სამოქალაქო პროტესტის ფორმები. ჩვენ ყველა ფორმას მივმართავთ კონსტიტუციის დასაცავად. კონკრეტული გეგმა ვენეციის კომისიაში შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება”, - განაცხადა გოცირიძემ. 
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციასთან დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს. 

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მიიღეს ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა. 

უმრავლესობის შეფასებით, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი.