ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ დგას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ დგას

ამ დროისთვის სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „აღიარება - ეს პერსპექტივაშია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ სირიაში ე.წ. აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენი ვიზიტი სირიაში ნაყოფიერი იყო და უკვე უახლოეს მომავალში, ამ შეხვედრებიდან სერიოზულ შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კოვემ.

მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილებოდა ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების, მათ შორის სრულფასოვანი ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საკითხები.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების საპროტესტო ნოტას ეხებოდა, კოვეს განცხადებით, ფიქრობდნენ, რომ ეს ცოტა უფრო ადრე მოხდებოდა.

„საქართველო განაგრძობს ჩვენი რესპუბლიკის იზოლირებას გარე სამყაროსგან და ჩვენ ამას არ შევეგუებით. ეს მათი უფლებაა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, წარმოადგინონ საპროტესტო ნოტები. ჩვენი უფლება კი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაა“, - განაცხადა კოვემ.

რამდენიმე დღის წინ სირიის არაბული რესპუბლიკის მმართველმა ელიტამ აფხაზ სეპარატისტთა „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს დამასკოში მაღალ დონეზე უმასპინძლა.
დამასკოს რიგით 59-ე საერთაშორისო ბაზრობაში, ოკუპირებულმა აფხაზეთმა, 17-22 აგვისტოს „დამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ეს ბაზრობა არაბულ რესპუბლიკაში 1954 წლიდან ტარდება, თუმცა სამოქალაქო ომის გამო 2011 წლის შემდეგ აღარ გამართულა.