ირაკლი პეტრიაშვილი არის ისეთივე დივერსანტი, როგორც ისინი, ვინც ტყეებში „შემთხვევით“ ბენზინის ავზები დატოვა

ირაკლი პეტრიაშვილი არის ისეთივე დივერსანტი, როგორც ისინი, ვინც ტყეებში „შემთხვევით“ ბენზინის ავზები დატოვა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ქმედებებით შესაბამისი ინსტიტუტები უნდა დაინტერესდნენ.

როგორც გოგა ხაინდრავა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს,  პეტრიაშვილი ცილისწამებით ემუქრება ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას, ძალადობით და შანტაჟით ცდილობს საკუთარი ადგილის შენარჩუნებას.

"სამშობლო იწვის, ქვეყანაში ხანძრის 30 კერაა გაჩენილი. ვფიქრობ, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ეს ზუსტად ის დაანონსებული ცხელი ზაფხულია, რომელითაც, პირდაპირი გაგებით, ქვეყნის მტრები დაგვემუქრნენ. როდესაც მთელი ქვეყანა, ყველა პატიოსანი მოქალაქე, ათასობით მაშველი, მეხანძრე, პოლიციელი, რკინიგზელი, ჯარისკაცი იბრძვის, რომ ბორჯომის ხეობა, ქვეყანა გადაარჩინოს ამ უბედურებისგან, პროვოკატორთა ჯგუფი, სააკაშვილის „შნირი“, პროფკავშირების სავარძელში ზონდერების მიერ იარაღით ჩასმული პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს რკინიგზის პარალიზებას. გუშინ რკინიგზაში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ. კარგი დროა არჩეული. ის არის დივერსანტი, ისეთივე, როგორც ისინი, ვინც ტყეებში „შემთხვევით“ ბენზინის ავზები დატოვეს. ეს არის დივერსია, ეს არის ქვეყნის მტრობა. ჩემთვის ეს არის კრიმინალი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, "სუბიექტი, რომელიც 14 წელია, ქართველი ხალხის სისხლს წოვს, ახლა შანტაჟით ცდილობს, ნაძალადევი კეთილდღეობა კიდევ 6 წლით გაიხანგრძლივოს".

"ვინმე გიორგი კანდელაკის კლონი მგონია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ცილისწამებით არის გამორჩეული. ყველას გვახსოვს, როგორ ცდილობდა, საქართველოსთვის არ მიეცათ ევროპაში თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ზუსტად იგივე ხელწერაა. დღეს პეტრიაშვილი ცილისწამებით ემუქრება ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას, ძალადობით და შანტაჟით ცდილობს საკუთარი ადგილის შენარჩუნებას. თუ მას ჰგონია, რომ არ ვიცით, რომელ უწყებებში, რაზე აწერდა ხელს, სცდება, ვიცით. სამწუხაროდ, არის მცდელობა, მიგვავიწყონ, ვინ რას წარმოადგენს. ის ცდილობს, გაიოცწლედოს თავისი ყოფნა ქერის ორმოში, რომელიც მოიწყო და ისევე, როგორც მისი ბელადი მზად არის, ამისთვის ქვეყანა გადაბუგოს, რკინიგზა გააჩეროს, ოღონდ საკუთარი კეთილდღეობა შეინარჩუნოს", - აღნიშნავს ხაინდრავა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“  ნაირნაირი ნიღბით ახერხებს პოლიტიკაში დარჩენას,  მის მიერ დატოვებული გომბეშოები, სხვადასხვა თბილ ადგილებში მოკალათებულები ცდილობენ ფინანსური წყაროების შენარჩუნებას.

"ოცნებობენ, როგორმე დააბრუნონ “ მაწანწალა“, რომელიც მსოფლიოში დაძრწის და სამშობლოდ სხვა და სხვა ქვეყნებს ასაღებს, თანაც ყველგან ცეცხლის გაჩენას ცდილობს. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს საზოგადოება მიყურადებულია, თუ რა მოხდება საქართველოს გულში, ბორჯომის ხეობაში, სადაც თითქმის ყველა ჩვენგანი, ჩვენი ბავშვებია გაზრდილი. ვის გინდა დააჯერო, რომ ასეთ განსაცდელში ადამიანები შიმშილობენ დაჩი ცაგურიას პრესმდივნობიდან გადადგომის მოთხოვნით. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. ეს აბსურდიც კი აღარ არის. ეს გონებადაბნელებული სექტა ცდილობს, შექმნას ახალ-ახალი ცეცხლის კერები, აქ დარჩენილი ნაგვის ხელით. დრო იხელთეს. მაგრამ მინდა იცოდნენ, ცეცხლსაც ჩავაქრობთ, კერებსაც მოვასუფთავებთ და მათ ადგილსაც მივუჩენთ სანაგვეზე", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

როგორც რეჟისორი აცხადებს, ყველამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ამ დაუფარავ ბოროტებასთან მიმართებაში.

"გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს სასიცოცხლო არტერიას ანაყოფიერებს და საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ასოციაციის წევრები მიმართავენ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში კანონი და წესრიგი. საქართველოს ეკონომიკის გულის ფეთქვას უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზა და მას დივერსია ემუქრება, მის გაჩერებას ცდილობენ. გასაგებია, რომ მომენტი საგანგებოდ არის შერჩეული, როცა მთელი ყურადღება ბორჯომის ხეობისკენ არის გადატანილი და არამარტო საქართველოსი, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისაც. აზერბაიჯანმა, თურქეთმა, რომელსაც თვითონ ხანძარი აქვს, სომხეთმა, ბელარუსმა თვითმფრინავი და ვერტმფრენები, მაშველები და მეხანძრეები გამოაგზავნა საქართველოში", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, კონფლიქტის პირობებში მყოფი ორი ერის წარმომადგენლები ერთად, ხელდახელ იბრძვიან საქართველოში ცეცხლის ჩასაქრობად და ამ დროს პროვოკატორი პეტრიაშვილი ცდილობს ამ ცეცხლის გაღვივებას, ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, საქართველოს რკინიგზაზე.

რეჟისორის შეფასებით, ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლა, მეორე 13 ივნისად იქცა, დღეს იქ ყოფნა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცეცხლთან ბრძოლა, ომში თავგანწირვის ტოლფასია, მაშველები, მეხანძრეები, რკინიგზელები, ჯარისკაცები თავდაუზოგავად ებრძვიან ხანძარს.

"ბორჯომში არი მთელი ქვეყანა, არავინ დარჩა, ვინც არ შემოგვეხმიანა და დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა, დივერსანტების გარდა, რომელთაც ცეცხლის გაჩენა ახლა რკინიგზაზეც უნდათ. ვერ მივართმევთ", - განაცხადა ხაინდრავამ.