ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის ასაცილებლად

ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის ასაცილებლად

არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტი მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის ასაცილებლად, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტის შეფასებისას იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის პრობლემები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, გამოსწორებული არ არის.

”არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ქმედება მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ბოიკოტის ფაქტი არ მომხდარიყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ პროცესი არის სუბიექტური და ეს უნდა გამოსწორდეს. როდესაც ეს არ არის გამოსწორებული და ამის გამო პროცესის მონაწილე ბოიკოტს მიმართავს, ამას მიაქცევენ ყურადღებას თვითონ სტრასბურგში”, - განაცხადა ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კონკრეტული საკითხები მისცა, რომლის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო.

”რაც შეეხება პროცესს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კონკრეტული საკითხები მისცა, რომლის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო როგორც პირველ ჯერზე, ასევე მეორე ჯერზე. როდესაც მკაფიო არ არის კრიტერიუმები, როდესაც შეფასების პროცესი არ არის გონივრულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული და არის ძალიან დიდი ადგილი სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, იწვევს ძალიან ლეგიტიმურ კითხვებს ნიშნევს არა მარტო საქართველოში, არამედ სტრასბურგშიც. მე იმედი მაქვს, რომ შეფასების შემდგომი ეტაპი იქნება უფრო მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და არ იქნება მიღებული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მიღებული გადაწყვეტილებები”, - განაცხადა ალაფიშვილმა.

რაც შეეხება წარმოდგენილ სიას, ალაფიშვილის შეფასებით, დასახელებულ სიაში ძალიან ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანია.

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. შესაბამისი სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას - იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური იღებენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. კოალიციის წევრები სამთავრობო კომისიის ხვალინდელ სხდომაში მუშაობას არ მიიღებენ.