მარიამ ჯაშმა კრწანისის რაიონში ახალი საბავშვო ბაღები მოინახულა

მარიამ ჯაშმა კრწანისის რაიონში ახალი საბავშვო ბაღები მოინახულა

პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ბაღების კვირეულის" ფარგლებში, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დათვალიერებას განაგრძობს.

მარიამ ჯაშმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად, კრწანისის რაიონის, სოფელ ფონიჭალაში მშენებარე ბაღი დაათვალიერა. „თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაგა-ბაღი ამ დრომდე არ ჰქონია და ადგილობრივებს ბავშვების ბაღში ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ. 2 583 კვ.მ-ზე განთავსებული, ორსართულიანი შენობა 260 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება. მშენებლობა კი მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება", -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მათ დღეს, კრწანისის ქუჩასა და  ზემო ფონიჭალაში მდებარე ბაღებიც მოინახულეს.

მარიამ ჯაშის თქმით, კრწანისის ქუჩაზე №20 საბავშვო ბაგა-ბაღი გასულ წელს გაიხსნა. „ამ დრომდე ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა, რადგან  შენობა 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მძიმედ იყო დაზიანებული. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, კრწანისის #21-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არასტანდარტული შენობა აშენდა, რომელიც სკოლამდელი განათლებით  200-ზე მეტ ბავშვს უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტების შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. 6-ჯგუფიან ბაღში 40-მდე ადამიანი დასაქმდა", - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ასევე გასულ წელს გაიხსნა ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღი, რომელიც 260 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი 8-ჯგუფიანია და მასში 60-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.  „აღსანიშნავია, რომ №206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება კეთილმოწყობილი იყო, მან 2006 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა. მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ბაღს აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.  საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და აღიჭურვა", - განაცხადა განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.