ბევრჯერ ყოფილა ”რესპუბლიკელებისა“ და ”თავისუფალი დემოკრატების” შეყრა-გაყრა და ამას ურთიერთობების დაძაბვა არ გამოუწვევია - არც ახლა გამოიწვევს

ბევრჯერ ყოფილა ”რესპუბლიკელებისა“ და ”თავისუფალი დემოკრატების” შეყრა-გაყრა და ამას ურთიერთობების დაძაბვა არ გამოუწვევია - არც ახლა გამოიწვევს

ბევრჯერ ყოფილა ”რესპუბლიკური პარტიის” და ”თავისუფალი დემოკრატების” შეყრა-გაყრა და ამას ორ პარტიას შორის ურთიერთობების დაძაბვა არ გამოუწვევია - არც ახლა გამოიწვევს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ამომრჩეველი ყველაზე ახლოს ”რესპუბლიკურ პარტიასთან” არის და ”როგორც ჩანს, ”თავისუფალ დემოკრატებს” ეიმედებათ, რომ საკუთარ მიტოვებულ ამომრჩეველს საიმედო ხელში ტოვებენ”.

“ჩვენ დაახლოებით ორი კვირაა ვიცით, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებდნენ. ბუნებრივია, ჩვენ კონფიდენციალურობას და კორექტულობასაც ვიცავდით. ამიტომ სანამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღეს და თავად არ გააჟღერეს, ”რესპუბლიკური პარტიიდან” ამ ინფორმაციას არ გაუჟონავს. ”რესპუბლიკურმა პარტიამ” 5-6 აგვისტოს ეროვნული კომიტეტის სხდომაზე ამ თემაზე იმსჯელა. ჩვენთვის ეჭვის ქვეშ არც დამდგარა არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ განმარტა, არც ”რესპუბლიკური პარტიის” და არც ”თავისუფალი დემოკრატების” რაიმე ბრალი არ არის, რომ საბოლოოდ ვერ შედგა ის ფორმატი, რაც პირობებშიც ”თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას”, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

როგორც ცნობილია, ”თავისუფალი დემოკრატები” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

”2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში შეიქმნა კრიზისული ვითარება. პარტია დატოვა არაერთმა ლიდერმა და წევრმა. ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ შემოგვთავაზეს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ადგილობრივ არჩევნებში ”ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან საკმაოდ რეალური დაპირისპირება. ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი ”რესპუბლიკურ პარტიასთან”. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა.

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტეთ გამოვტოვოთ თვითმმართველობის არჩევნები და შევუდგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.