ეკლესიაში არის ძალიან მძლავრი რუსული დესანტი და საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ

ეკლესიაში არის ძალიან მძლავრი რუსული დესანტი და საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ

საქართველოს ეკლესიაში არის ძალიან მძლავრი რუსული დესანტი, ეს არის საფრთხე და საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამაზე ღიად ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ”რესპუბლიკური პარტია” ღიად იტყვის, რომ ქვეყანაში არც საერო და არც სასულიერო წრეებში, არც პარლამენტსა და არც საპატრიარქოში რუსეთს მნიშვნელოვანი გავლენიანი ინსტრუმენტები არ უნდა ჰყავდეს.

”ჩვენ ღიად და მკაფიოდ გავილაშქრებთ იმ უსამართლო პრაქტიკის წინააღმდეგ, რომ არამხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც არის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარი, არამედ ლამის ყოველი თვითმმართველობიდან, ლამის ყოველ მეორე სხდომაზე ჰექტრობით მიწა, ქონება ეკლესიას გადაეცემა. ბათუმისხელაა ის ფართობი, რაც დღეს ეკლესიას 1 ლარად საკუთრებაში აქვს მიღებული. აღარ ვსაუბრობ ჯიპებსა და სხვა ქონებაზე. ეკლესიაში სისტემური კრიზისია - რომელი ეპისკოპოსი რომელ ეპისკოპოსზე რას ლაპარაკობს და რამდენი მილიონერი ეპისკოპოსი გვყოლია... მოკლედ, ძალიან რთულად არის საქმე. 1103 წელს დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება მოიწვია. ეკლესიაში დღესაც არის უკიდურესი კრიზისი და ეს კრიზისი ცუდად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ ხაზზე. ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან და ხელისუფლებასთან ვაჭრობა-გარიგების გზით მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება. გარდა ამისა, უსუფრთხოების თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება რუსეთის გავლენა საქართველოს საპატრიარქოზე. საქართველოს ეპისკოპოსთა ნაწილი ღია ტექსტით მხარს უჭერს რუსეთს და აგინებს დასავლეთს. გნებავთ ეპოსკოპოსი იობი, რომელიც განსაკუთრებული განათლებით ვერ დაიკვეხნის და გნებავთ ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი, რომელიც სწორედ რომ განათლებით დაიკვეხნის, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი ”ერეკლე მეორის საზოგადოებასთან” ერთად, ანტიამერიკული ფილმისთვის ტაში დაეკრა კინოსახლში. ჩვენ ამ თემებზე ღიად ვილაპარაკებთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნოდ ”რესპუბლიკური პარტია” ისაუბრებს უმცირესობების უფლებებზე - რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო კამპანია იქნება უაღრესად ლიბერალური, ღია და პატრიოტული სულისკვეთების. ჩვენ არ ვიბრძვით უმრავლესობისათვის. საზოგადოება უმცირესობებისგან შედგება. იქ, სადაც ბევრი უმცირესობა არ არის, იქ არის საბჭოთა კავშირი - ერთი მონოლითი. ”რესპუბლიკური პარტია” ვართ პოლიტიკური უმცირესობა. ქვეყანაში არის სხვა უმცირესობაც. ჩვენ ღიად ვისაუბრებთ ამ თემებზე”, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.