დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
„ამ მიმართულებით კონკრეტულ ციფრებს მოგახსენებთ, 2017 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით შემდეგი მდომარეობა გვაქვს: შემოსულობების გეგმა შესულებულია 103.1 მლნ ლარის გადაჭარბებით, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 207.8 მლნ. ლარის გადაჭარბებით (105.1%), გადასახდელების (ანუ ხარჯების) გეგმა შესრულებულია 95.1%-ით“, - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.
მისი თქმით, გადასახდელების ნაწილში გარკვეული ჩამორჩენა შეიმჩნეოდა მიმდინარე წლის დასაწყისში, დღეისთვის კი, მაგალითად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხით ათვისება პრაქტიკულად 100%-ია.