„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი ახალ ფაზაში შევიდა და შედეგად, სამხედრო ესკლაცაია გამორიცხული არ არის.
როგორც გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე მრავალი წელია, უპირველეს ყოვლისა თავისი სანქციებით, ცდილობს, შეაკავოს ფხენიანის ბირთვული პროგრამა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოახერხა.
„ყოველი სანქციის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა კიდევ უფრო მძაფრ რეაქციას ავლენდა. იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ასევე, შეერთებული შტატების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა ძალიან ახლოს არის მიზანთან, რომ მინიატურული ატომური ბომბი დაუყენოს თავის რაკეტებს, რომლის არეალი არამარტო გუამს (რომელიც, რა თქმა უნდა, ამერიკის ტერიტორიაა), არამედ, საბოლოო ჯამში, მიაღწევს ამერიკის კონტინენტს, რაც საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. რამდენიმე დღის წინ გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო და ფხენიანს მორიგი სანქციები დაუწესა, მაგრამ თუ წარსულს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით არც ეს სანქციები შეაჩერებს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორულ რეჟიმს. სამწუხაროა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგრობრობა ამ ეტაპზე ლიმიტს აღწევს - მშვიდობიანი გზებით მეტი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთად აღებულს, არ გააჩნია“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ცალკე საკითხია, გაფრინდაშვილის თქმით, ჩინეთისა და რუსეთის როლი, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული დადებითი როლი ითამაშონ. ამ კონტექსტში GRASS-ის დირექტორი იხსენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ, ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ სწორედ ჩინეთია ის სახელმწიფო, რომელსაც ხელეწიფებოდა რეალურად შეეჩერებინა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო და დონალდ ტრამპი იმედგაცრუებული დარჩა.
პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობის შესაჩერებლად საკმარის ბერკეტები არც რუსეთს აუმოქმედებია, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მოსკოვმა მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
„შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციების დროსაც არაერთხელ ყოფილა სერიოზული ესკალაციები ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ, თუმცა რაც დღეს გვაქვს, ამას გარკვეული თვალსაზრისით შეგვიძლია ვუწოდოთ უპრეცედენტო, გამომდინარე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებიდან. დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და სიბრაზით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს. ასევე, მან თქვა, ფხენიანი თუ რამეს მოიმოქმედებს, „ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს“. როდესაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, გადაჭარბებული ხომ არ იყო ამგვარი რიტორიკა იმ ფონზე, როდესაც ამ სიტყვების უკან შეიძლება რეალური საქმე და რეალური საომარი მოქმედებები არ იდგასო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პირიქით, ეს სიტყვები კიდევ შეიძლება არ იყოს საკმარისი, რაც უნდა მეთქვაო. მას თავისი სიტყვებიდან უკან კი არ დაიხია, პირიქით მიიჩნევს, რომ წინა ადმინისტრაციებმა ვერ შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება და ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ამ ყოველივეს ანალიზის შედეგად, ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ არნახულ ესკალაციას რიტორიკაში მართლაც მოჰყვეს გარკვეული ტიპის საომარი მოქმედებები შეერთებული შტატების მხრიდან, თუკი ჩრდილოეთ კორეა წავა სერიოზულ პროვოკაციაზე და გუამის ტერიტორიულ წყლებში რაკეტებს გაისვრის“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ამასთან, პაატა გარფინდაშვილი ხაზს უსვამს, რომ სერიოზული სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში პირველი სამიზნე სეული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ კორეას საარტილერიო დანადგარების, კონვენციური რაკეტების უმეტესობა მიმართული აქვს სამხრეთ კორეის დედაქალაქისკენ.
„სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მსხვერპლის გაზომვა ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება, ათი ათასობით შეიძლება იყოს... ძალიან სერიოზულ კრიზისთან გვაქვს საქმე. ეს კრიზისი ახალი არ არის. მართალია, კლინტონის ადმინისტრაციის დროს იყო პირდაპირი დიალოგი ყოფილა არა მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი დონის თანამდებობის პირებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, თუმცა, საბოლოო ჯამში, განმუხტვა მაინც ვერ ხდებოდა და ბოლო წლების განმავლობაში, ესკალაცია კიდევ უფრო იზრდებოდა. ასე რომ, კრიზისი ახალი არ არის, მაგრამ ახალ ფაზაში შევიდა, რომლის შედეგად ნამდვილად არ არის გამორიცხული რაღაც ტიპის (სრულმასშტაბიანს ჯერ არ ვიტყოდი) სამხედრო ესკალაცია“, - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ. გუამის კუნძულზე სამხედრო ავიაბაზა „ანდერსენი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „აპრა-ჰარბორი“ არის განლაგებული.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას „ცეცხლითა და სიბრაზით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა რეალურ საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის ტერიტორიებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გუამის კუნძულის წინააღმდეგ მიმართულ ფხენიანის ქმედებებს პასუხს გასცემს.