დონალდ ტრამპი რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის

დონალდ ტრამპი რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მადლობელია.

„მინდა მადლობა გადავუხადო პუტინს, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სახელფასო ფონდის შემცირებას. რაც შემეხება მე, ძალიან მადლობელი ვარ, რომ მან ამდენი ადამიანი გაუშვა. ახლა ჩვენ ნაკლები გვექნება გადასახდელი. ჩვენ ბევრ ფულს დავზოგავთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

31 ივლისს, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში რუსეთი აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს 755 ადამიანით შეამცირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ეხება რუსეთში მომუშავე, როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.

„ათასზე მეტი თანამშრომელი, დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი მუშაობს რუსეთში. 755 დიპლომატმა და ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა რუსეთში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.