ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს სტასბურგში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის თუ რა ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, დამოკიდებულია პირველ რიგში ოპოზიციის მოთხოვნებზე.

„ფორმატთან დაკავშირებით, გვექნება ჩვენ კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც შეიძლება შევიდეს საკონსტიტუციო პროექტში, ეს არის დამოკიდებული პირველ რიგში იმ მოთხოვნებზე, რომლებიც  უნდა დააყენოს ოპოზიციამ. ჩვენ ველით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ  უნდა შემოგვთავაზონ თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, თუ რას ითხოვს ოპოზიცია. დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული. მიღებულია ორი მოსმენით. ახლა  ჯერი ოპოზიციაზეა. სწორედ მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიციამ უნდა გვითხრას ის, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რა შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მათ ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ასეთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას მოვისმენთ ოპოზიციის მხრიდან.  ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. ჯერ-ჯერობით ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ასეთი სახით მოთხოვნები არ მოგვისმენია და სწორედ ამას ველოდებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გაიმართება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის ოპოზიცურ პარტიებთან და ამის შემდეგ, განისაზღვრება დისკუსიის ფორმატი, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სტრასბურგის დაანონსებული შეხვედრაა.

„ზოგადად, არ არის სწორი სტრასბურგში წასვლა იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ არის შემზადებული ვითარება ამისთვის. ჩვენ გვექნება წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს დისკუსიის ფორმატი. ამ ფორმატის ერთ-ერთი ნაწილი, რა თქმა უნდა, სტრასბურგის შეხვედრაა, რომელიც არის დაანონსებული",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.