პრემიერმა შს და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანები ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყონ

პრემიერმა შს და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანები ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყონ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე, რიგში მდგომი ადამიანები ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყონ.

ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ პრობლემებზე გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„მე რამდენადაც ვიცი, ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო და შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად, ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ. იქ არ არის განვითარებული ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.