გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს

გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სტრუქტურის მუშაობა გაზრდილი გამოწვევების პირობებში.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მოქალაქეებს, ვინც მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

„მათ გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს ურთულეს რელიეფზე. მართლაც და შეუძლებელი შეძლეს - სულ რამდენიმე საათში მოხდა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა, თავიდან ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობ, რომ მართლაცდა გამორჩეული გმირობის შედეგია. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და მაშველებთან ერთად ებრძოდნენ სტიქიას. ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია. ეს გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ასზე მეტი ადამიანი არის გადარჩენილი ზღვისპირეთში.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ სტრუქტურის ძალიან გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ“, - დასძინა პრემიერმა.