დეპუტატის თქმით, რუსეთი თავისი ქმედებებით მსოფლიო წესრიგს არღვევს

დეპუტატის თქმით, რუსეთი თავისი ქმედებებით მსოფლიო წესრიგს არღვევს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს.

"თავისი ქმედებებით რუსეთი კიდევ ერთხელ, ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს. პუტინის ვიზიტს უკვე მოყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმიანება

"მიხარია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ ახლა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმიანება. აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას, საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის", - განაცხადა დეპუტატმა.