არჩილ თალაკვაძე:   კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად

არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად

თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახი კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კახა კალაძეს შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად.

”თბილისში პარკირების მენეჯმენტი კახი კალაძის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. კახა კალაძის ხედვა, რომ პარკირების გადასახადები მიმართოს პარკირების ინფრასტრუქტურაში, ტროტუარები გამოთავისუფლდეს, მოსახლეობას შესთავაზოს კომფორტული და ხელმისაწვდომი ალტერნატივები საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით, ასევე, ურბანული განვითარების კონცეფცია - გვიჩვენებს, რომ კალაძეს აქვს ქალაქის პრობლემების გადაჭრის გეგმა; მას შეუძლია პრობლემები აქციოს პროექტებად. კალაძე პირდაპირ, უბრალოდ და გასაგებად ესაუბრება ხალხს ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის შემდეგაც - ეს მომავალი მერისთვის ძალიან მნივნელოვანი უპირატესობაა”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მისი აზრით, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. კალაძის თქმით, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება როგორც მძღოლების, ისე ქვეითთა ინტერესები.