,,პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი ,,გმირი“ გამოსცა

,,პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი ,,გმირი“ გამოსცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წიგნ ,,გმირის" მეოთხე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ისტორიებს აერთიანებს.

პროექტი „გმირი“ თამარ ფხაკაძის ინიციატივით 2009 წელს განხორციელდა, გმირების შესახებ რეალური ისტორიები გაზეთ პრაიმტაიმში იბეჭდებოდა, 2010 წელს უკვე პირველი წიგნი გმირი გამოიცა. 2013 წელს უცხოურ მისიებში დაღუპული სამხედროების რეალური ისტორიები დაიბეჭდა წიგნად.  „პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ გამოსცა წიგნი „გმირი“. ამჯერად წიგნში 2008 წლის ომსა და მისიებში დაღუპული ბიჭების ისტორიებია გაერთიანებული.

წიგნის პრეზენტაციაზე მისულ მშობლებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წიგნ ,,გმირის" გამოცემაში მონაწილეობა.

,,დღეს, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მტკივნეულ დღეს სიმბოლურად გადავწყვიტეთ მხარდაჭერა და თანადგომა იმ ინიციატივისა, რომელიც ქალბატონ თამარ ფხაკაძეს აქვს. ეს ინიციატივა უკავშირდება ყველაზე საპატიო მისიის შესრულებას, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რომელიც საკუთარი ერის ღირსების გაძლიერების და განმტკიცების მიზანს და ჩვენი გმირების წიგნის სახით ისტორიის გადმოცემას, ემსახურება.

მე როგორც მოქალაქეს და როგორც ყველაზე საპატიო უწყების ხელმძღვანელს მაქვს პატივი, რომ მონაწილე ვიყო იმ საქმეში, რასაც ჰქვია წიგნის გამოცემა. ჩვენ სიმბოლურად 8 აგვისტოს დავისახეთ მიზნად, რომ მისი ტირაჟი გაგვემრავლებინა და გვაქვს სურვილი, რომ ეს მომავალშიც გავაკეთოთ.

როდესაც გმირების უკვდავყოფაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რომ თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს, თუ რამემ მოგვცა საფუძველი, რომ დღემდე ისტორიული გამოწვევებისა მოვსულიყავით ღირსეულად, ეს არის სწორედ უკვდავყოფა გმირებისა, ეს არის უდიდესი პასუხიმგებლობა თითოეული ქართველის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქართული და ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში.  ეს ჩვენ გვაერთიანებს და ის ჩვენს ეროვნულ არსებობას ახანგრძლივებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პრეზენტაციაზე სიტყვით „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და პროექტ ,,გმირის“ იდეის ავტორი თამარ ფხაკაძე გამოვიდა.

,,ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, ქედს ვიხრი მათი ოჯახების წინაშე. რა ჰქონდა მიზანი ამ წიგნს? რა თქმა უნდა, ჩვენმა მომავალმა თაობამ სახელი და გვარებით იცოდნენ მათი გვარი, რომლებიც ჩვენ რომ სახლში ვიყავით ბრძოლის ველზე იდგნენ და სიცოცხლეს წირავდნენ, ემოცია, რომელიც ამ წიგნის გაკეთებას ახლდა იყო საოცარი. მთელი რედაქცია ტიროდა. შეუძლებელია, ამის გარეშე წაიკითხო 17, 18 19, 20 წლის ადამიანის ისტორია, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისთვის წირავს. ახლა როცა მშობლებს ვუყურებ ეს ემოცია აქ არის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება წიგნი დავბეჭდოთ. მადლობა ყველას, რომ მობრძანდით", - განაცხადა თამარ ფხაკაძემ.

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შპს "პრაიმტაიმსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს "პრაიმტაიმის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქუთათელაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმეების წარმოება და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ყოველგვარი წინასწარი ან შემდგომი ანაზღაურების გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელის უკვდავყოფას.