ზოგიერთებისგან განსხვავებით, პასპორტების კოლექციას არ ვაგროვებ

ზოგიერთებისგან განსხვავებით, პასპორტების კოლექციას არ ვაგროვებ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რუსული პასპორტი აქვს.

„ზოგიერთებისგან განსხვავებით პასპორტების კოლექციას არ ვაგროვებ და სიცრუეს არ ვავრცელებ. ჩემი სამშობლო იყო, არის და იქნება უკრაინა და უკრაინის დატოვებას არ ვაპირებ“, - დაწერა პავლო კლიმკინმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გუშინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი გააკრიტიკა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის ნაცვლად, რომ საქმით დაკავდეს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით, სადაც მე ჩავედი ან ჩასვლას ვაპირებ“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, „პავლო კლიმკინი ეთნიკური უკრაინელი არ არის, არამედ რუსია“.

„რამდენადაც მესმის, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და უკრაინულად ჩემზე უარესად საუბრობს. პეტრო პოროშენკო, აი თქვენთვის კიდევ ერთი კანდიდატი მოქალაქეობის ჩამოსართმევად“, - დაწერა სააკაშვილმა.