საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

„დღეს ჩვენც თქვენთან ერთად ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ ადამიანებს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა დავადასტურო ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტულ რეგიონებში თავისუფლად გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები - მაგალითად, ახალი აბრებისა და ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვა თუ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე რამდენიმე გამშვები პუნქტის დახურვა - კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საპირისპირო შედეგს იძლევა. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია“, - აცხადებს ჰერმანი.

ელჩის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, რაც ამყარებს ქვეყნის მდგრადობას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს საკუთარი მისიის შესრულებას, რაც სტაბილურობასა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას გულისხმობს. ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში თანათავმჯდომარის ფუნქციის შესრულების გზით. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღნუსხვის, დაცვისა და შენარჩუნებისკენ. ასეთივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონების დასაცავადაც. საქართველოსთვის ფართო დიპლომატიური მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის ზედმიწევნით დაცვის პირობებში, ასევე ვახორციელებთ ფართომასშტაბიან პროგრამებს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის გასაზრდელად. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული წინსვლა, ისევე როგორც მობილობა და უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.