რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტი აფხაზეთში კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ოკუპაცია დღესაც გრძელდება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდეს.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაუპირისპირონ მკაცრი რეაგირება.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა საერთაშორისო მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი, როგორც ეს ხდება ჩვენი წარმატებული საგარეო პოლიტიკის დამსახურებით. რუსეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ოკუპაცია გრძელდება დღესაც და ჩვენმა პარტნიორებმა ამას უნდა დაუპირისპირონ მკაცრი რეაგირება ყველა საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ეზოში გააკეთა, სადაც დღეს აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
”ჩვენი ქვეყნის ისტორია უთანასწორო ბრძოლების და გმირების ისტორიაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, როგორც თავის დროზე ჩვენი მშობლები და მასწავლებლები გვასწავლიდნენ, მოვუყვეთ და ვასწავლოთ ეს ჩვენს შვილებს. დღევანდელი ფოტოგამოფენა ამაში გვეხმარება და დიდი მადლობა ფოტორეპორტიორებს, რომლებმაც შემოგვინახეს ის ტრაგიკული დღები, რომლებზეც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა სათანადო დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს შეეხება ოკუპაციას, ჩვენი შვილების, ჩვენი ძმების გმირობას და კიდევ ერთხელ მადლობა ადამიანებს, რომლებმაც ეს ისტორია შექმნეს”, - აღნიშნა დეპუტატმა.