საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება

საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება

საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 9 წლის წინ მომხდარი მოვლენები მთელი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედია იყო, როგორც სულიერი, ასევე მორალური კუთხით.

”ყველა ეკლესიაში 12:00 საათზე გადახდილი იქნება სულის საოხი პანაშვიდი. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა შეასრულა საგანგებო წირვა, ასევე ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა შეასრულა წირვა. 11 აგვისტოს იგეგმება შინდისში შინდისის გმირებისათვის სულის საოხი პანაშვიდის გადახდა”, - განაცხადა კახაბერ გოგოტიშვილმა.

დეკანოზის თქმით, ეკლესიისთვის თითოეული ადამიანის სული და თითოეული გოჯი მიწა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ეკლესია ყველაფერს აკეთებს მათ დასაცავად. დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად ქართველ ერს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

”8 აგვისტოს, რაც 9 წლის წინ მოხდა, იყო დიდი ტრაგედია და მინდა სამძიმარი ვუთხრა ქართველ ერს და სრულიად საქართველოს. საზოგადოებამ უმძიმესი დანაკლისი განიცადა, არა მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვით და ამდენი ახალგაზრდის დაღუპვით, არამედ დიდი ზარალი განიცადა სულიერად და მორალურად. ეს იყო დიდი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი ეკლესია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ერთობა და მთლიანობა, ყველა წირვაზე იხსენიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე დაღუპულ ახალგაზრდებს. ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სული და თითოეული გოჯი მიწა, იმიტომ რომ ეს ღვთის ბოძებული საჩუქარია და ჩვენ ამას ვუფრთხილდებით ჩვენი ლოცვით”, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.