ICC - ძალისხმევის მიუხედავად, აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩართვა რთული აღმოჩნდა

ICC - ძალისხმევის მიუხედავად, აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩართვა რთული აღმოჩნდა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოს ორივე ორგანოს - როგორც ICC-ს რეგისტრატურას, ისე პროკურორის ოფისს, თავიანთი მანდატების ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ, რომ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობის მიზნით იმუშაონ. თუმცა, ცნობილია ის, რომ რუსულმა მხარემ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე საწყის ეტაპზევე თქვა უარი.

„საქართველოს მთავრობისაგან თანამშრომლობა ახლო პერსპექტივაშია. სამწუხაროდ, ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ პროცესში ჩართვა რთული აღმოჩნდა. თუმცა, პროკურორის ოფისმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება ამის მიუხედავადაც გაგრძელდება. პროკურატურის საგამოძიებო სამუშაო ნაკარნახევია დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მთავარი პრინციპებით. პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისი აგრძელებს ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას საქართველოს შემთხვევაშიც. ოფისი ასევე გააგრძელებს გამოძიების ალტერნატიული გზების გამოყენებას, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, პროკურატურა წარსულშიც არაერთხელ წარმატებით გამკლავებია მსგავსი სირთულის გამოძიებებს“ - საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 28 ივლისს ICC-ის პრესსპიკერმა ფადი ელ აბდალამ განაცხადა.

ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყებაზე ნებართვა 2016 წლის იანვარში მიიღო. საუბარია 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. პრესსპიკერ ფადი ელ აბდალას თქმით, მანდატის გათვალისწინებით ICC-ის რეგისტრატურა პასუხისმგებელია მოწმეების დაცვის, განაჩენის აღსრულებისა თუ პალატის ბრძანებების შესრულების საკითხებზე, მათ შორის დაკავების ორდერის აღსრულებასა და აქტივების გაყინვაზე.