სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერი - ოფისის არარსებობა არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ ვმუშაობთ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერი - ოფისის არარსებობა არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ ვმუშაობთ

ოფისის არარსებობა არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ ვმუშაობთ - ამის შესახებ საზოგადოებრივს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერმა ფადი ელ აბდალამ განუცხადა. საზოგადოებრივი ფადი ელ აბდალას 2008 წლის ომის გამოძიების მიზნით ჰააგის წარმომადგენლობის (ICC-ის) გახსნასთან დაკავშირებით ესაუბრა და პროცესის შეყოვნების მიზეზების, ასევე, ოფისის გახსნის სავარაუდო თარიღის დასახელება სთხოვა. ოფისის გახსნის დაგვიანების მიზეზად ის მსჯელობის პროცესს ასახელებს.

„დაგვიანების მიზეზი ისაა, რომ ამჟამად, საქართველოში ოფისის გახსნისთვის საჭირო აუცილებელი ფაქტორების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ და საქართველოს მთავრობამ ახლახან მოაწერეს ხელი „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ (Memorandum of Understanding იგივე MOU), რომელიც ოფისის შექმნისა და მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ჩარჩოს უზრუნველყოფს“ - განაცხადა ფადი ელ აბდალამ.

ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განმარტავენ, რომ პროკურორ ფატუ ბენსუდას გამოძიება არ არის დამოკიდებული ქვეყანაში ICC-ის ოფისის გახსნაზე, რადგან საქართველოში საგამოძიებო სამუშაოები ისედაც ხორციელდება კონფიდენციალური და დამოუკიდებელი ფორმით. აბდალას ცნობით, 2017 წლის დასაწყისიდან, გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები მტკიცებულებების შეგროვების მიზნით საქართველოს სისტემატიურად სტუმრობენ.

„საქართველოში ფიზიკური სტრუქტურის არარსებობა არ ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის წარმოდგენილი ან არ მუშაობს. პროკურორის ოფისი აქტიურად აგროვებს მტკიცებულებებს. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში სასამართლოს მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაზე“, - აღნიშნა ფადი ელ აბდალამ.