გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს

გიორგი ვაშაძე ოპოზიციურ პარტიებს თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს

ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებისთვის გაერთიანების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და მერობის დამოუკიდებელ კანდიდატებს, თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევას სთავაზობს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ”ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს - ”თავისუფალ დემოკრატებს”, ”რესპუბლიკურ პარტიას”, ”სახელმწიფო ხალხისთვის”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”ევროპულ საქართველოს”, ”შენების მოძრაობას” და ასევე მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, პრაიმერში ჩასართავად სპეციალური წერილით მიმართავს.

”ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა პარტიების მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტსმოკლებული განცხადებები. ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არჩევნებში უნდა იყოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ტურისთვის, რომელიც უკვე კაპიტულაცია და არჩევნებში დამარცხების აღიარებაა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება არის გადამწყვეტი. მე მაქვს ხელთ წერილი, რომელსაც ყველა ოპოზიციურ პროდასავლურ ძალას და მერობის ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს გავუგზავნი. აქ არის დასაბუთება, თუ რატომ არის ერთადერთი გზა გაერთიანება და რატომ არის ძალა ერთობაში, რატომ არის პრაიმერი ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ნდობას გამოიწვევს საზოგადოებაში. ამ წერილს ვუგზავნი ”თავისუფალ დემოკრატებს”, ”რესპუბლიკურ პარტიას”, მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისთვის”, ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ”ევროპულ საქართველოს” და ”შენების მოძრაობას”, ასევე ალეკო ელისაშვილს”, - განაცხადა ვაშაძემ.

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” რამდენიმე დღის წინ გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდა.