აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევამ სერიოზულად დააზიანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ამის შესახებ რექს ტილერსონმა მანილაში, „ასეან“-ის ქვეყნების რეგიონალური ფორუმის ფარგლებში სერგეი ლავროვთან ორმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე შეფასებით, „არჩევნებში ჩარევა სერიოზული ამბავია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“.
„ჩვენ აღნიშნულ საკითხზე ლავროვთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ. მე შევეცადე მათთვის გამეგებინა, თუ რაოდენ სერიოზული საკითხია ეს და თუ როგორ სერიოზულად დააზიანა ამან აშშ და რუსეთს შორის ურთიერთობები“, - აღნიშნა რექს ტილერსონმა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განმარტა, არჩევნებში ჩარევამ სერიოზული უნდობლობა გააჩინა ორ ქვეყანას შორის.