კომერციული ატაშეების შერჩევა სექტემბერში დაიწყება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კომერსანტს“ განუცხადა. მინისტრის თქმით, შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული და კონკურენტუნარიანი იქნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსს გარკვეული კრიტერიუმები ექნება, ვფიქრობ, ატაშეების შერჩევის პროცესი საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. კანდიდატების განხილვა კონკრეტული ქალაქების მიხედვით მოხდება და უპირატესობა მათ მიენიჭებათ, ვისაც ამ ქალაქებში აქვთ ეკონომიკური განათლება მიღებული ან/და ცხოვრობენ“ , - განუცხადა „კომერსანტს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, „ატაშეების შერჩევის პროცესს სექტემბერში დავიწყებთ. როგორც იცით, საწყის ეტაპზე ისინი ნიუ იორკში, ლონდონში, სტამბოლში, შანხაიში, ბერლინსა და გალფის ქვეყნებში დაიწყებენ მოღვაწეობას. მათი ძირითადი საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ქვეყნის გარეთ გატანა იქნება“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც ცნობილია, მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2016 წლის ივნისში მიიღო და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებაც განახორციელა. როგორც მაშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, „ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას“.
უკვე 2016 წლის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებდა, რომ უცხოეთში საქართველოს საელჩოებში ატაშეების დანიშვნა 2017 წლის იანვრიდან დაიწყებოდა. კანონპროექტი, შესაბამისი რეგულაციები დამუშავდა და იანვარში ამ პროცედურის დასრულება მოხდება. ამას შემდეგ კადრების შერჩევაა საჭირო, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ჩვენთან შეთანხმებით მოახდენს და პრიორიტეტულ საელჩოებში კომერციული ატაშეების განთავსება მოხდება. ისინი იმუშავებენ ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, მეტი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანის მიმართულებით, - აცხადებდა მაშინ ჯანელიძე.
2016 წლის დეკემბრის მიწურულს გამოიცა ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ატაშეების თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით. ბრძანების მიხედვით, კომერციული ატაშეების ყოველთვიური ანაზღაურება 4000-დან 7000 დოლარამდე იქნება. თანამდებობრივი სარგოს ზუსტი ოდენობა, ასევე სხვა ხარჯები იმ ქვეყნების მიხედვით განისაზღვრება, სადაც ეკონომიკური ატაშეები მივლინებული იქნებიან. ამავე ბრძანების შესაბამისად, კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ლიმიტი ევროში 2000-დან 4000-მდე იქნება, გირვანქა სტერლინგში კი 1000 დან 3000-მდე.
რაც შეეხება კომერციული ატაშეების შენახვის ხარჯებს, ამ შემთხვევაში ლიმიტი აშშ დოლარში არის 500-დან 7000-მდე, ევროში - 500-დან 5000-მდე, გირვანქა სტერლინგში კი 500-დან 5000-მდე.
შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის სადღეღამისო ნორმის, ბინის დაქირავების, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მიმდინარე რემონტის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს. შენახვის ხარჯების ნორმა ასევე მოიცავს ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს. კომერციული ატაშეს დაზღვევის ყოველწლიური ლიმიტია აშშ დოლარში - 500-დან 1000-მდე, ევროში - 500-დან 700მდე, გირვანქა სტერლინგში - 100-დან 500-მდე;
ბრძანების მიხედვით, სამუშაო მივლინების თითოეული ვადა კომერციული ატაშესათვის არის 3 წელი.
კომერციული ატაშეს თანამდებობის შემოღებაზე გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არსებობს, გადაწყვეტილია ქვეყნებიც და გამოცემულია ბრძანება ხელფასებთან დაკავშირებით, ამ დრომდე კომერციული ატაშეს თანამდებობაზე არავინ დანიშნულა. ვინ ჩაბარდება ზემოთჩამოთვლილი 6 ქვეყნიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეს უკვე სექტემბრის ბოლოსთვის გაირკვევა.