აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ რუსეთი მოსკოვიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომებზე გააფრთხილა. როგორც რექს ტილერსონმა აღნიშნა, ვაშინგტონის საპასუხო ზომები 1-ელი სექტემბრისთვის გამოცხადდება.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ პრაგმატულად უყურებს რუსეთთან ურთიერთობებს და მზად არის მოსკოვთან პრობლემების გადასაჭრელად იმუშავოს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მანილაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თავის რუს კოლეგას „ასეან“-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
31 ივლისს, აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების ფარგლებში, რუსეთმა აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალი 755 ადამიანით შეამცირა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა განაცხადა, აღნიშნული ეხება რუსეთში მომუშავე, როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.