ე.წ. საზღვრების რეგულარული გადმოწევით, რუსეთი ცდილობს საქართველოს მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს-კვო საბოლოო არ არის

ე.წ. საზღვრების რეგულარული გადმოწევით, რუსეთი ცდილობს საქართველოს მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს-კვო საბოლოო არ არის

მიუხედვად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედის მოცემია, სანამ პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, გარკვეული მღელვარება იარსებებს, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა ჯეფრი მანკოფმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ანალიტიკოსმა რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავი შეაფასა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა.

მანკოფის აზრით, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივან მატისთან ერთად, უმთავრესი პირი ხდება, ვინც ევროპის აღმოსავლეთში მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს.

„ხსენებული ვიზიტისას მისი მთავარი ამოცანა იყო, დაერწმუნებინა საქართველო, ესტონეთი და მონტენეგრო, რომ აშშ მათ მხარს უჭერს და მზადაა, ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში დაეხმაროს. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა წონა აქვს მაიკ პენსს, ან სხვათა ხმას მაშინ, როცა აშშ-ის აღმოსავლეთი ევროპის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს არც მე და ალბათ არც სხვებს. მიუხედვად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედისმოცემია, სანამ პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, ბუნებრივია, იარსებებს გარკვეული მღელვარება რეგიონის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის საკითხზე თავად ამ ქვეყნებში“, - განაცხადა ჯეფრი მანკოფმა.

ანალიტიკოსმა ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს რუსული ქმედებების გაგრძელებაა, რომლითაც კრემლს სურს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება.

„კრემლს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება აინტერესებს. „სამხრეთ ოსეთში“ ეს პროცესი უფრო შორს არის წასული, აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ყირიმის მსგავსი პირდაპირი ანექსია - ის, რამაც მოსკოვს სანქციები მოუტანა- კრემლს გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთზე პირდაპირი გავლენის და დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნება სურს. „საზღვრების“ რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს-კვო საბოლოო არ არის და რომ გრძელვადიან შედეგს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.