პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის შესახებ

პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის შესახებ

პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ, - ამის შესახებ პოლონელი დეპუტატი მალგორზატა გოსიევსკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. დეპუტატის განცხადება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.

„გაცნობებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, პოლონეთის არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მ.ს. ექსტრადიციის შესახებ. ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პალონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა პოლონეთში, როგორც საჯარო - პოლიტიკური - ეკონომიკური რეფორმების, ასევე, საქართველოს NATO -სა და UE-ის ქვეყნების ოჯახში შეყვანისათვის, ასევე იმ გზის გაგრძელებისთვის, რომელიც მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს. კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები განმსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისაგან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული“, - წერს დეპუტატი მალგორზატა გოსიევსკა.