იან კელი:  სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახლა ვგრძნობ

იან კელი: სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახლა ვგრძნობ

სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახლა ვგრძნობ. მდინარი ბებიაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საერთო უსაფრთხოების საქმეში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მდინარი ბებიაშვილი ჩამოასვენეს.

”გასულ კვირას, ზუსტად ამ ადგილას იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკელი ხალხის სახელით მადლიერება გამოხატა ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო სტაბილურობისთვის იბრძვიან. დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ დიდი ფასია, რასაც ისინი იხდიან ამ ბრძოლაში. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ მდინარი ბებიაშვილის ოჯახს ამ დანაკარგისთვის”, - განაცხადა ელჩმა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (დაბ. 23.10.1991) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) საკუთარი სურვილით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად, კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში “Rapid Trident 2013”.