ადვოკატი: უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე

ადვოკატი: უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვერ გამოავლინა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ის როგორც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ფიგურირებს.

ასეთი პასუხი მიიღო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა უკრაინის გენერალური პროკურატურისგან.

„წინასასამართლო გამოძიების მონაცემების დამუშავების შედეგად არ გამოვლინდა სისხლის სამართლის წარმოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს როგორც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის პასუხში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა მიიღო.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უკრაინულ მხარეს მიმართა, თუმცა საექსტრადიციო შემოწმების შედეგად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე.

უკრაინის პროკურატურის წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიიღო, 2017 წლის 2 აგვისტოთია დათარიღებული.