საპატრიარქო ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ სასულიერო პირმა თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველები მოინახულოს

საპატრიარქო ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ სასულიერო პირმა თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველები მოინახულოს

საქართველოს საპატრიარქო ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველი პატიმრები სასულიერო პირმა მოინახულოს, თუ კი ამის პრაქტიკული და იურიდიული შესაძლებლობა იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, თურქულ ციხეში ქართველი პატიმრების შიმშილობის ფაქტის შესახებ ინტერნეტით შეიტყო, თუმცა მისთვის უცნობი იყო, თუ ისინი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„ინტერნეტით შევიტყვე, რომ ქართველი პატიმრები შიმშილობდნენ. სასულიერო პირთან შეხვედრას თუ ითხოვდნენ, ეს არ ვიცოდი. არ ვიცი, რაზე არიან დაკავებულები, ესეც საინტერესოა“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, ახლახანს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ თურქეთის შესაბამის სტრუქტურასთან გარკვეული ურთიერთობები ამ კუთხით დაამყარა. დეტალები კი მამა მიქაელისთვის უცნობია.

„პატიმრების მონახურების პრობლემა არ იქნება, თუ ამის პრაქტიკული და იურიდიული შესაძლებლობა იქნება. თუ თურქული მხარე და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდება, რომ შესაძლებელი იქნება სასულიერო პირის მივლინება, ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქართველებს იქ, რომ ისინი სასულიერო პირმა მოინახულოს,“ - განაცხადა მამა მიქაელმა.

თურქეთში, მალტეპეს ციხეში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრაა.

”შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო მიიღებს ორშაბათს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა”,- აცხადებენ უწყებაში.