„მთაში ხის მერქანს ეკონომიკური ეფექტის შექმნა შეუძლია, თუ მას მხოლოდ გასათბობად არ გამოვიყენებთ“

„მთაში ხის მერქანს ეკონომიკური ეფექტის შექმნა შეუძლია, თუ მას მხოლოდ გასათბობად არ გამოვიყენებთ“

„დღეს სამასალე მერქანი მხოლოდ ოჯახებს ათბობს და მისი ეკონომიკური ეფექტი ძალიან დაბალია“, - ამის შესახებ დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მთის კანონის ერთ-ერთმა ავტორმა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ისაუბრა.

ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთიანეთში თევზის, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების წარმოების სერიოზული პოტენციალი არსებობს.

„DCFTA ხელშეკრულების თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის უფლება ევროკავშირის 28-ვე ქვეყანასთან 1000-ზე მეტ სახეობაზე მოვიპოვეთ, თუმცა ჯერჯერობით 3 პროდუქციით ვვაჭრობთ - ღვინო, თაფლი და თხილი. მთაში თევზის წარმოების ძალიან სერიოზული პოტენციალი გვაქვს იმიტომ, რომ საქართველოს მთიანეთი მდიდარია მდინარეებით, წყლებით, ტბებით. ასევე, მდიდარია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვებით.  ქვების ინდუსტრია სერიოზული პოტენციალია“,- განაცხადაქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მთაში სამასალე მერქანს ეკონომიკური ეფექტის შექმნა შეუძლია, თუ მას მხოლოდ გასათბობად არ გამოვიყენებთ: „მთა მდიდარია სამასალე მერქნით. თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საშეშე მერქნიდან ქვეყანა სამასალე მერქნის წარმოებაზე გადავიყვანოთ, ანუ ხალხი სხვა ალტერნატიული წყაროებით გავათბოთ და ეს მერქანი გამოვიყენოთ მხოლოდ სამასალე დანიშნულებით, მაშინ მას ეკონომიკური ეფექტი ექნება. დღეს ის მხოლოდ ოჯახებს ათბობს და მისი ეკონომიკური ეფექტი ძალიან დაბალია“.

ამასთან, ქუცნაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ მთაში ბიზნესი განვითარდეს, თავდაპირველად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო.

„აუცილებელი წინაპირობაა, რომ ბიზნესს ყველგან ინფრასტრუქტურა დავახვედროთ. თუ გზა, ხიდი, დენი ან გაზი არ იქნება, ვინ წამოვა მთაში ინვესტიციის ჩასადებად? მთის კანონმა ძალიან კარგი საგადასახადო შეღავათები შექმნა. ვფიქრობ, რომ უახლოესი 5-10 წელი მთიანეთის აღორძინების წელი უნდა იყოს. როცა კანონზე ვმუშაობდით, ბიზნესის დაწყების საშეღავათო პერიოდად ათი წელი შევარჩიეთ. საწარმოს ორი-სამი წელი შეიძლება დასჭირდეს, რომ ბაზარზე ვაჭრობა ისწავლოს, ადგილი მოიპოვოს და დანარჩენი შვიდი წელი სუფთა მოგების მისაღებად გამოიყენოს. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ ამა თუ იმ დასახლებამ მთის რეგიონის სტატუსი რომც დაკარგოს, საწარმო ათი წის განმავლობაში საგადასახდო შეღავათებს მაინც ინარჩუნებს“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესხებ“ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს.

share