ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.

საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველო არა მარტო უსაფრთხოების მიმღები ქვეყანაა, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ერთობლივი პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში გაიღო, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს.

ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას ხელმძღვანელმა, ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ მისი შვილი ქართველებთან ერთად იბრძოდა ავღანეთში და მისმა ოჯახმა პირადად იცის, რას ნიშნავს ქართველებთან ერთად ბრძოლა.

ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ ისინი აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, ყველაზე მეტ ხანს, ორი დღე საქართველოში დარჩნენ, რაც არ არის შემთხვევითი.

ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჯო უილსონი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: მადლენ ბორდალო, პოლ კუკი, ჯონ გარამენდი და ჯეკი ვოლარსკი.

ვახშამს ესწრებოდა ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ვახშამს ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.