პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში არ აკეთებენ კომენტარს, რომელი საბუთით შევიდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში არ აკეთებენ კომენტარს, რომელი საბუთით შევიდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რომელი საბუთის საფუძველზე შევიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

„სასაზღვრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მონაცემები სასაზღვრო კონტროლის შესახებ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეიძლება გადაეცეს“, - განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა აგნეშკა გოლიასმა.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.