აშშ–ის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო

აშშ–ის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და საელჩოს თანამშრომლები ავღანეთში დაღუპული ქართველის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ”აშშ–ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ოჯახს, აგრეთვე ქართველ ხალხს ავღანეთში განცდილი დანაკარგის გამო. ჩვენ ასევე გულწრფელად ვუსამძიმრებთ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლას დიდი რისკი და მსხერპლი ახლავს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების გადაჭრას ემსახურება. აღვნიშნავთ, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ოპერაციის ერთ–ერთი მოწინავე კონტრიბუტორია. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს წვლილს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც მას ახლავს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად არ შევასუსტებთ ძალისხმევას, რათა ავაშენოთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთი”,- ნათქვამია იან კელის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

მომხდარი თავდასხმისას ასევე დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.