ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფები დერეგულირებულ აბონენტებზეც გავრცელდება

ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფები დერეგულირებულ აბონენტებზეც გავრცელდება

ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფები "ყაზტრანსგაზის“, "სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ დერეგულირებულ აბონენტებზეც გავრცელდება. ამის შესახებ „საქმის კურსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, მართალია, თბილისში 2007 წლის შემდეგ და რეგიონებში 2008 წლიდან გაზიფიცირებული აბონენტები, რომელთაც "ყაზტრანსგაზი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“ ემსახურებიან, დერეგულირებულები არიან, თუმცა ამ გამანაწილებელ კომპანიებთან სამინისტრომ მემორანდუმის ფარგლებში მიაღწია შეთანხმებას, რომ გაზის ახალი ტარიფები მათი მომსახურების ქვეშ მყოფ ყველა აბონენტზე გავრცელდეს იმ პერიოდშიც, ვიდრე ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება დერეგულირების შესახებ ძალაში იქნება.

"დერეგულირების ბრძანება ფორმალურად გაუქმების ეტაპზეა. მას სჭირდება პროცედურა, რადგან ეს იყო ნორმატიული დოკუმენტი და ექსპერტიზაა ჩასატარებელი, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ სემეკის მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში შევიდა ახალი ტარიფები 20 ივლისს, ეს პრაქტიკაში განხორციელდეს. ამ ლიცენზიანტ კომპანიებთან, რომლებსაც ახალი ტარიფი დაუდგინდათ და ძალაში შევიდა სემეკის გადაწყვეტილებით 20 ივლისიდან, შეთანხმება გაკეთდა იგივე მემორანდუმის ფარგლებში და ითქვა, რომ მათ შეუძლიათ ტარიფის გაზრდა, ანუ დაკორექტირება, მაგრამ არა უმეტეს იმ ტარიფისა, რომელიც დაადგინა მარეგულირებელმა კომისიამ. შესაბამისად, ყველა ეს მომხმარებელი ისარგებლებს იდენტური ტარიფით 20 ივლისიდან და შემდგომ", - განმარტა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან, სემეკის გადაწყვეტილებით „ყაზტრანსგაზის“ აბონენტებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 46.153 თეთრი ღირს, "სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ – 56.94, „საქორგგაზისთვის“ კი 57.011.