ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა

ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქედს ვიხრი თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ემსახურება სამშობლოს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც განშორებულია თავის ოჯახს. ვუცხადებ მათ პატივისცემას და საქართველოს მოქალაქეების სახელით უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ," - აღნიშნულია უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი უმძიმესი ტრაგედიის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე.