აგვისტოს ომის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს - პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან

აგვისტოს ომის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს - პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, ჰააგის პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისიდან აცნობეს. ”ინტერპრესნიუსი” დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს აგვისტოს ომის გამოძიების პროცესი.

როგორც ჰააგის პროკურორის ოფისში განმარტავენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საბოლოო მიზანია, გამოააშკარავოს სიმართლე 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში სავარაუდოდ ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულების შესახებ. ამ მიზნით, პროკურორის ოფისის გამომძიებლები საჭირო მტკიცებულებებს აგროვებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, სხვადასხვა სანდო წყაროებიდან.

”რაც შეეხება გამოძიების პროცესს, კონკრეტული ვადები არ არის დადგენილი. გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია საჭირო მტკიცებულების შესაგროვებლად რესურსების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფაქტორების გათვალისწინებით.

საგამოძიებო პროცესი სამართლებრივი, საგამოძიებო და მტკიცებულებითი მკაცრი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რისი მიზანია გამოძიების დამოუკიდებლობის დაცვა. შესაბამისად, პროკურორის ოფისი თავის სამუშაოს კონფიდენციალურად ახორციელებს და მედიაში არ ავრცელებს მიმდინარე გამოძიების დეტალებს.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, პროკურორის ოფისის პერსონალი ხშირად გადის საველე სამუშაოებზე, როგორც საქართველოში, ასევე სხვაგან”,- განუცხადეს ჰააგის პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისში.