იენს სტოლტენბერგი:  ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სამხედროების რიცხვი გაიზრდება​

იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე სამხედროების რიცხვი გაიზრდება​

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროების რიცხვი გაიზრდება. იენს სტოლტენბერგი ნატო-ს ლიდერების გადაწყვეტილებას ელოდება.

ამ დროისათვის, ნატო-ს მისიაში 39 ქვეყანა და 13 459 სამხედრო მონაწილეობს. ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ივნისის მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა სამხედროების დამატებით გაგზავნის შესახებ სურვილი და მზადყოფნა დააფიქსირეს.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ნატო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საბრძოლო მისიით შეცვლას არ აპირებს.

„ალიანსის მიზანია, რომ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავად შეძლონ ებრძოლონ ტერორიზმს და სტაბილურობა დაამყარონ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ მივესალმებით ავღანეთის შეიარაღებული ძალების მონდომებას და მათ უნარს, რომ თავად გაუმკლავდნენ სიძნელეებს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა CNN-თან ინტერვიუში.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი სამხედრო აშშ-ს ჰყავს გაგზავნილი - 7 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ავღანეთში. გენმდივანი ამბობს, რომ შეერთებული შტატებიდან ჯერჯერობით სამხედროების რაოდენობის გაზრდაზე მინიშნება არ მიუღია. ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიამ ISAF-ის მისია 2015 წელს ჩაანაცვლა.