პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოები დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს.  მისივე თქმით, ამ დროისთვის, პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია. 

„კვირის ბოლოს დასრულდება პეკინის მარჯვენა მხარეს მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთლიანად  მოწესრიგდა  მიწისქვეშა კომუნიკაცია.  მომდევნო კვირის  დასაწყისიდან სამუშაოები გზის მარცხენა მხარეს  გაგრძელდება,სადაც მოიხსნება  გზის საფარი და მოწესრიგდება  მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურ რეჟიმში გაკეთდება ტროტუარები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

უახლოეს რამდენიმე დღეში სამუშაოები დასრულდება მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინზეც, რის შემდეგაც მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ,  მოძრაობა პეკინის მარჯვენა მხარეს გაიხსნება და სამუშაოები მარცხენა მხარეს გადაინაცვლებს.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და  სექტემბერში დასრულდება.