მე ეს დაპირისპირება არ მომწონს, არ მიმაჩნია, რომ ის კარგია - ყველას მოვუწოდებ, უფრო მეტი დრო და ენერგია დავხარჯოთ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.
“პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მომხდარიყო, შინაარსობრივად სწორი მოწოდებაა. გასაგებია, რომ ამ მოწოდების ფორმა საკმაოდ ისეთი იყო, რომ ბევრი განსხვავებული შეხედულება გამოიწვია, მაგრამ როცა სპიკერმა თქვა, რომ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით ვიკამათოთ, ეს სწორი მოწოდება იყო. პრეზიდენტის ვეტო არის მოტოვირებულ ანუ დასაბუთებულ შენიშვნეზე დაფუძნებული და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე დაფუძნებული დოკუმენტი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”რუსთავი2”-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.
“კიროვის პარკის შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, სადაც ეწერა: ”პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა”. ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განაცხადებას დღეს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ უპასუხა. “გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, - აღნიშნულია ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.