ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესი რუსეთთან „ძალიან სახიფათო“ ურთიერთობის მიღწევაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ჩვენი ურთიერთობა რუსთთან ყველაზე დაბალ და სახიფათო დონეზეა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამისთვის მადლობა აშშ-ის კონგრესს ეკუთვნის.
„ამისთვის მადლობა კონგრესს უნდა გადავუხადოთ, იმავე ხალხს, ვისაც ჩვენთვის სამედიცინო დაზღვევის მოცემა არ შეუძლია“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
გუშინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეასა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
საინტერესო განცხადება გაავრცელა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედვმაც. „აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ხელის მოწერით თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო და ამით აშშ-მა რუსეთს სავაჭრო ომი გამოუცხადა“. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერმინისტრი ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციებზე ხელის მოწერას.
„ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წინაშე სრული უძლურება გამოავლინა, ყველაზე დამამცირებელი ფორმით. პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე. ახალი სასანქციო თემა პირველ რიგში ტრამპისთვის ადგილის მიჩენას ემსახურებოდა“, - წერს დიმიტრი მედვედევი.
რუსეთის პრემიერის თქმით, რუსეთი მშვიდად გააგრძელებს მუშაობას ეკონომიკის განვითარებისთვის. მედვედევის განმატებით, ბოლო წლებში რუსეთმა ისწავლა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ამოცანების გადაჭრა ფაქტობრივად დახურული ფინანსური ბაზრების პირობებში. „ჩვენ თავს გავართმევთ- აცხადებს მედვედევი.