შრომის უსაფრთხოების

შრომის უსაფრთხოების" კანონთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

„შრომის უსაფრთხოების" კანონთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მეოთხე შეხვედრა გამართა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასაწყისში სამუშაო ჯგუფის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან გამართული კონსულტაციების შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ კანონის მოქმედების სფერო იგივე რედაქციით განისაზღვრება, როგორიც პროექტის პირველი მოსმენის შედეგად იქნა შემუშავებული.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვით გაგრძელდა. ჯგუფის წევრებმა - დეპუტატებმა, სამინისტროების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტებმა დასაქმებულთა უფლებების და ვალდებულებების საკითხებზე, უსაფრთხოების პრევენციის მექანიზმებზე, შრომის უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკასა და კომპეტენტური უწყებების მიმართულებებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ძირითადი ყურადღება შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული სახდელების ზომების და ჯარიმების განსაზღვრის საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრის მონაწილეებმა განსხვავებული მოსაზრებები როგორც დარღვევებისთვის დაწესებულ სანქციებზე, ასევე კანონის ამოქმედების ვადაზე და პასუხისმგებლობის დაწესების ნორმებზე გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს სამუშაო ჯგუფის რიგით მეოთხე შეხვედრა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიის დაწყებამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ისევ გაიმართება და იგი დღეს განხილული საკითხების - სანქციების და ჯარიმების პოზიციების შეჯერებას დაეთმობა. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტის მსგავსი ფორმატის განხილვები მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესს წარმოადგენს და მისადმი დაინტერესება და საზოგადოებრივი ჩართულობა, საკითხის აქტუალურობას წარმოაჩენს.