„ბიზნეს დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოშიც შეიქმნას“

„ბიზნეს დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოშიც შეიქმნას“

„თუ საქმეთა ნაკადი მოიმატებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, კომერციული დავების სპეციალურ მიმართულებაში 5-6 მოსამართლე გაამწესოს“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი სპეციალური მიმართულება სააპელაციო სასამართლოშიც შეიქმნას.

„არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური სპეციალიზაცია სააპელაციო სასამართლოს დონეზეც  შეიქმნას, რომელიც პირველ ინსტანციაში დასრულებულ დავებს გააგრძელებს“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში  კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულების შექმნის შედეგად, ბიზნესგარემო, ინვესტიციების შემოდინება და ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება.

„მივიღებთ იმას, რომ უფრო კვალიფიციურად იქნება განხილული კომერციული და ბიზნეს დავები. გაიზრდება დასაბუთებულობის ხარისხი და ასევე, მსგავსი დავების განხილვა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ბიზნეს სექტორის მხრიდან არის შენიშვნები,  რომ დავები დროში ჭიანურდება და საბოლოო ჯამში აზრს კარგავს. აღნიშნული ვიწროსპეციალობის შექმნის შედეგად, ბიზნესგარემო, ინვესტიციების შემოდინება და ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ბიზნესმენებთან შეხვედრას გეგმავს: „ბიზნესმენების და ინვესტორების პრობლემები გავაანალიზეთ და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, შევარჩიეთ მოსამართლეები. ისინი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით შევარჩიეთ. რაც შეეხება ბიზნესს, მათთან მომავალშიც გახსნილები ვიქნებით. შემოდგომაზე მათ  მრგვალი მაგიდის ფორმატში შევხვდებით. ბიზნეს სექტორის უკმაყოფილებას მოვისმენთ და მათ პრობლემებზე სწრაფად რეაგირებას მოვახდენთ. წლის ბოლოს დავების გაჭიანურების პრობლემა თითქმის მოგვარებული იქნება“.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, თავდაპირველად აღნიშნულ კოლეგიაში ოთხი მოსამართლე იქნება, თუმცა საქმეთა ნაკადის შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.

„თუ საქმეთა ნაკადი მოიმატებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ამ კოლეგიაში 5-6 მოსამართლე გაამწესოს. ზოგადად ოთხი მოსამართლე საკმარისი რაოდენობაა, რადგან კომერციული საქმეების ნაშთი დღეის მდგომარეობით 220-მდეა. შესაბამისად, თითო მოსამართლეს 55 საქმე შეხვდება. დღეს კი თითოს 300-400 საქმე აქვს წარმოებაში. ამ ფონზე 55 საქმის მართვა ბევრად მარტივია“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის საქმეების დაწერის პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალში ისინი გადამზადებასაც გაივლიან.

„მოსამართლეებისთვის საქმეების დაწერის პროცესი უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, მოსამართლეები აუცილებლად გაივლიან გადამზადებას და ტრეინინგებს მსგავსი დავების განხილვის სპეციფიურობის კუთხით, ვინაიდან, სამართლებრივი თვალსაზრისით რთული კომერციული დავების განხილვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში  კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 1 აგვისტოს შეიქმნა, რომელიც 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებს ოთხი მოსამართლე განიხილავს:  თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.