პუტინის სოხუმში ჩასვლა, ეს არის აშკარად მაიკ პენსის ვიზიტზე პასუხი

პუტინის სოხუმში ჩასვლა, ეს არის აშკარად მაიკ პენსის ვიზიტზე პასუხი

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოხუმში ჩასვლა აშკარად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე პასუხია.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, თუ რუსეთს ამის მეტი პასუხი არ აქვს, ძალიან კარგია.

ექსპერტმა ბორდერიზაციის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“ბორდერიზაციის მიზანი ალბათ ის არის, რომ ჩვენ დაგვსვან ერთ მაგიდასთან ე.წ.სამხრეთ ოსეთთან, როგორც „სახელმწიფოსთან“. ეს არის ალბათ მთავარი მიზანი. რაც შეეხება პუტინის ჩასვლას სოხუმში, ეს არის აშკარად პენსის ვიზიტზე პასუხი და თუ ამის მეტი პასუხი მათ არ აქვთ, ძალიანაც კარგი. ღმერთმა ქნას, მეტი პასუხი არ ჰქონდეთ”, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე თქმით, მცოცავი ოკუპაციის შემცირება დამოკიდებულია არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ ჩვენზეც.

“თუ არ გადაიხედა ჩვენი პოლიტიკა ოკუპაციის ხაზთან მიმართებაში, სამწუხაროდ, მარტო პენსის ძალიან ხმამაღალი განცხადებებიც კი ალბათ ვერ მიაღწევს მიზანს. უნდა გადაიხედოს პოლიტიკა. ცხადია, პირველი ოთხი წელი „ოცნების“ პოლიტიკამ, რომ “არ გავაღიზიანოთ”, პრინციპში რაღაცნაირად გაამართლა და მოიტანა თავისი კარგი შედეგი. მაგრამ აშკარად ამოწურა ამ პოლიტიკამ თავისი თავი და ნაწილობრივ მაინც უნდა შეიცვალოს. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გავაბრაზოთ, გავაღიზიანოთ, ვეჩხუბოთ, თუ ამის მიზეზი არ არსებობს. მაგრამ ამავე დროს უნდა შეიცვალოს არსებული მიდგომა”, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.