აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყოვლისმომცველია, ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი

აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყოვლისმომცველია, ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი

ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს აშშ-ს მიერ რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან გაჟღერებული ინიციატივა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ყოვლისმომცველია. ის ეხება იმ სფეროებს, რომელიც რუსეთისთვის ძალიან სენსიტიურია. იქნება ეს ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი თუ სხვა. თავისთავად რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა მას უწოდა რუსეთ-აშშ-ს ნორმალური ურთიერთობის დასასრული და ამერიკის მიერ გამოცხადებული ღია ომი რუსეთის ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამას გავლენა ექნება. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. საქართველო მოხსენებულია სანქციებში. ის კონფლიქტი და ის შეუსრულებული პირობები, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ შეასრულა. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტთან გაჟღერებული პრეზიდენტის ინიციატივა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ძალიან მოუმზადებელი იმ რეაქციისთვის, რომელიც რუსეთიდან შეიძლება იყოს”, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.