დონალდ ტრამპი Green Card-ს აუქმებს

დონალდ ტრამპი Green Card-ს აუქმებს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საემიგრაციო პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს. ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტმა ახალი კანონპროექტი The Raise წარადგინა, რომელიც Green Card-ის გაუქმებას ითვალისწინებს. წარმოდგენილ კანონპროექტს დონალდ ტრამპმა ამერიკის ბოლო 50–წლიანი საემიგრაციო პოლიტიკის ერთ–ერთი დიდი და ძლიერი რეფორმა უწოდა. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდნენ სენატორები დევიდ პერდიუ და ტომ კოტონი.

დოკუმენტი სთავაზობს კონგრესს შეცვალოს Green Card-ის გათამაშება „ შეჯიბრებით“, რომელშიც აშშ-ში ბინადრობის უფლების მიღების მეტი  შანსი ექნებათ მიგრანტებს, რომლებმაც იციან ინგლისური ენა, შეძლებენ ფინანსურად საკუთარი თავის უზრუნველყოფას და ფლობენ ამერიკის ეკონომიკისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, Green Card-ის პროგრამით ამერიკაში მოხვდა ძალიან ბერვი იმიგრანტი შესაბამისი განათლების და უნარ-ჩვევების გარეშე. „ასეთი პოლიტიკა ახდენს მუდმივ ზეწოლას ამერიკელ მუშებზე, გადასახადის გადამხდელებზე  და საზოგადოების რესურსებზე“ - თვლის პრეზიდენტი.

მისი აზრით, გათამაშების პროგრამის გაუქმება შეამცირებს არაკვალიფიცირებული მიგრანტების ნაკადს და შესაბამისად, გაზრდის ამერიკელი მუშების ანაზღაურებას.

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი – Permanent Resident ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).

Green Card–ის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს.

ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს. Green Card-ის ლატარეა 1995 წლიდან ტარდება.

ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.