ზოგიერთ ფსევდოჯგუფებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ ეს არის ფაქტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მე ვარ ქრისტიანი, - ამის შესახებ დღეს სვეტიცხოველში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) განაცხადა.
მეუფე ანანიამ ილია მეორის ანგელოზის დღესთან, წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქს მიმართა და მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა, გაიხსენა გუშინ საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი, კერძოდ, მეუფე ანანიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი სიონში პატრიარქთან მიბრძანდა, რაც ჩვენი ეკლესიის დაფასებაა.
”ბოლო დღეებში ჩვენ გვაკვირვებს თქვენი სიძლიერე. როცა მობრძანდა ამერიკის ვიცე- პრეზიდენტი თქვენთან, სწორედ თქვენთან, ეს არის ჩვენი ეკლესიის დაფასება, ეს არის იმის დაფასება, რაც თქვენ იღვაწეთ და ჩვენი ერი აიყვანეთ იმ სიმაღლეზე, როგორც დგას დღეს ეკლესია ღირსეულად ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ფსევდოჯფუგებს ეს არ მოეწონებოდათ, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომ მან განაცხადა - მე ვარ ქრისტიანი და ქრისტიანობა არის უდიდესი ღირებულება ჩვენი ერისა, რომელიც ასე აინტერესებთ სწორედ, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ქრისტიანობას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ქრისტიანობა ეს არის ის სარწმუნოება, რომლისთვისაც თავი დასდეს ჩვენმა მეფეებმა, ქვეყანამ”, - განაცხადა მიტროპოილიტმა ანანიამ.